ისტორია
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი სათავეს იღებს "ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრიდან", რომელიც 2006 წელს დაფუძნდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიერ. სასწავლებელი, რომელიც ქართული საეკლესიო გალობის რეგენტებისა და ხალხური სიმღერის ლოტბარების აღზრდაზე იქნებოდა სპეციალიზირებული, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარული საზოგადოებრიობის დიდი ხნის ნატვრა იყო. ამასთან, საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოების აღორძინების კვალდაკვალ გაჩნდა მოთხოვნილება ასეულობით ტაძარში პროფესიონალური ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილ მგალობელთა მსახურებისა.

სასწავლებლის შექმნის სათავეებთან იდგნენ მამადავითის მონასტრის არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) და ქართული ხალხური სიმღერა-გალობის დიდი მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი. ბატონი ანზორის ბაბუა – ცნობილი ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი ამბობდა: "მთავრობამ სპეციალური სკოლა უნდა გახსნას, სადაც ახალგაზრდებს მხოლოდ ძველ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს შეასწავლიან". წინაპართაგან ნაანდერძევ ამ ინიციატივას გვერდით დაუდგა ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარული ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი, რომლის ძალისხმევით და საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კურთხევით შესაძლებლი გახდა ამ ნანატრი სასწავლებლის ჩამოყალიბება.

2006 წლის 19 სექტემბერს, სასწავლებლის შენობის კურთხევისას, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: "ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, ვისაც ჩვენ აღვზრდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს, რომელთა მეშვეობითაც მთელი საქართველო ადიდებს უფალს".

თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სასწავლებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2006 წლის 3 ოქტომბრის #100 ბრძანებით დაფუძნდა. იგი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სიახლოვეს, გაბესკირიას #4-ში მდებარეობდა. სასწავლებლის დეკანად დაინიშნა დეკანოზი ბასილი კიკვაძე (ამჟამად არქიმანდრიტი იოანე), ხოლო კურატორად – ბადრი ბერაია. დღემდე სასწავლებლის წამყვანი რგოლია ცნობილი ლოტბარების ანზორ ერქომაიშვილისა და მალხაზ ერქვანიძის სახელოსნოები. სასწავლო პროცესი დეკემბერში დაიწყო. მოგვიანებით, 2008-2009 სასწავლო წელს სასწავლებელი თავად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში განთავსდა. ხოლო 2010-2011 სასწავლო წლიდან იგი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გვევლინება და განთავსდა დელისის ქუჩის #9-ში. 2012 წლიდან სასწავლებელს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" შენობაში, სანდრო ეულის #3-ში მე-5 სართული დაეთმო.

უნდა აღინიშნოს სასწავლებელში გამართული სასწავლო პროცესის მხარდაჭერისათვის ივანე ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს გამორჩეული ზრუნვა – შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სახელფასო ფონდის უზრუნველყოფის გზით.

თავისი არსებობის მანძილზე სასწავლებელმა კურსდამთავრებულთა 5 გამოშვება განახორციელა. ჩვენი აღზრდილი რეგენტები და ლოტბარები უკვე წარმატებით მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – გურიაში, შიდა ქართლში, სვანეთში, იმერეთში, კახეთში და ა.შ. სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებით გამოდიან სცენაზე, სამეცნიერო კონფერენციებზე.

2014 წელს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გარკვეული რეფორმები განხორციელდა. შეიცვალა ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ნანა გოთუა. სამეთვალყურეო საბჭოს დღესაც ივანე ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოში ასევე ირიცხებიან ლექსო თორაძე და სესილი გოგიბერიძე. სასწავლებელს შეეცვალა წესდება, ხელახლა დაკომპლექტდა ადმინისტრაციული პერსონალი და ნაწილობრივ – პროფესურა, მოწესრიგდა საქმის წარმოება, რამაც ახალი სასწავლო წლისათვის ბევრი სასიკეთო ცვლილება გამოიწვია. ამჟამად სასწავლებელი, როგორც სასწავლო უნივერსტიტეტი, აბიტურიენტებს, გარდა ბაკალავრიატისა, უკვე მაგისტრატურაში სწავლასაც სთავაზობს. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, სტუდენტებს ელით განახლებული აუდიტორიები და ბიბლიოთეკა. 2014 წლის 4 აგვისტოს, პირველად საქართველოს საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო სივრცეში, ჩვენი სასწავლებლის 2014 წლის 5 კურსდამთავრებულს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი გადაეცა.
FaceBook Twitter Google